საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებს (პოლონეთის რესპუბლიკაში პარლამენტი იგივე "ეროვნული ასამბლეა" ორი პალატისგან - სეიმისა და სენატისგან შედგება) დააკვირდნენ. მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო (ცესკო) და აჭარის უმაღლესი საარჩევნო (უსკო) კომისიების თავმჯდომარეები საარჩევნო პროცესს ვარშავაში რამდენიმე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ასევე შეხვდა პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს. მხარეებმა ერთმანეთს საარჩევნო გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.
12-13 ოქტომბერს კი ცესკოს თავმჯდომარე და სსიპ, საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი დიდ ბრიტანეთში, ქ. ლონდონში გამართულ ყოველწლიურ, რიგით მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმს დაესწრნენ. სიმპოზიუმზე, სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ცესკოს წარმომადგენლობა საარჩევნო პროცესებსა და პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნო. მონაწილეებმა ასევე მიმოიხილეს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც საუკეთესო პრაქტიკა აჩვენეს საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვაში.
15-20 ოქტომბერს ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები დავით გურგენიძე და ნინო გოგუაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ. შეხვედრები ორ ქალაქში, ვაშინგტონსა და ნიუიორკში გაიმართა. ქალაქ ნიუიორკში ცესკოს წევრებმა შეხვედრა გამართეს გაეროს განვითარების პროგრამის ოფისის (UNDP) წარმომადგენელებთან. მხარეებმა რეგიონში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა მეთოდების შემუშავებაზე იმსჯელეს. ამავე შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თებერვლის თვეში საქართველოში რეგიონალური შეხვედრა გაიმართება, სადაც მთავარ საკითხად განიხილება გენდერული თანასწორობა და ქალთა აქტიური ჩართულობა საარჩევნო პროცესებში.
ვიზიტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაციამ მეორე შეხვედრა ქალაქ ვაშინგტონში, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებზე ისაუბრეს, განიხილეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმებიც დასახეს