ფრაქცია "ერთობა სამართალიანობისთვის" თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილს აშშ-ში საქართველოს ყოფილი საპატიო კონსულის, ლაშა დარბაიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა და საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიაჩნია.
ჟურნალისტებთან საუბარში ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ დაირბაიძე 4 ოქტომბრიდან 21 დღის განმავლობაში ასრულებდა საპატიო კონსულის მოვალეობას ისე, რომ აღარ იყო საქართველოს მოქალაქე.
"დარბაიძეს საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის ბრძანებულებით 4 ოქტომბერს ჩამოართვეს. საერთოდ, ძველი რიცხვით ფორმდება ბრძანებულება და ამ ბრძანებულებაში იმ ადამიანის გვარებს "ტენიან", ვინც საქართველოში არ უნდა ცხოვრობდეს. დარბაიძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპატიო კონსულს, ლაშა დარბაიძეს, უფლებამოსილება შეუწყდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"მას შეუწყდა უფლებამოსილება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს პერიოდულ მონიტორინგს, როგორც დიპლომატებზე ასევე საპატიო კონსულებზე იმის მიხედვით, თუ რამდენად ჯეროვნად ახორციელებს ესა თუ ის პირი მოვალეობას და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ამ შემთხვევაში განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა, რომ ეს პირი არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ პირობებს და იმ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა ასრულებდეს", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, საპატიო კონსული უნდა მოქმედებდეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.
კალანდაძეს არ უხსენებია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ლაშა დარბაიძეს 2011 წლის 4 ოქტომბერის N 581 ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.
"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით შეუწყდეთ საქართველოს მოქალაქეობა: ლაშა დარბაიძეს, დაბადებულს 1969 წლის 23 იანვარს საქართველოში", - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.