3 ნოემბერს, 11:00 საათზე ისრაელის საელჩოში ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგი მიეძღვნება ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის („მაშავის") მიერ ორგანიზებულ კურსებს, რომლებზე დასასწრებადაც ნოემბერში ისრაელში 4 ქართველი სპეციალისტი გაემგზავრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ისრაელის საელჩოდან აცნობეს, ორი მათგანი ისრაელში სოფლის მეურნეობისადმი მიძღვნილ კურსებს გაივლის, დანარჩენები კი ცოდნას სამედიცინო დარგში აიმაღლებენ. მონაწილეებს ისრაელის ელჩი საქართველოში, ბატონი იცხაკ გერბერგი ვიზებს გადასცემს.
„მაშავის" საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ქართველ სპეციალისტებს კვალიფიკაცია აიმაღლონ ისრაელის წამყვან სასწავლო დაწესებულებებში, რათა მათ შეძენილი ცოდნა კოლეგებს გაუზიარონ, რაც ქვეყნის შენებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
„მაშავის" პროგრამა მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს, მათ შორის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, სოფლის მეურნეობას, განათლებას და საზოგადოებრივ განვითარებას, ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებას და ლიდერი ქალის როლს საზოგადოებაში.„მაშავის" კურსები 1993 წლიდან დღემდე 700-მდე ქართველ სპეციალისტს აქვს გავლილი.