6 ნოემბერს, ბაქოში, ქართული ხალხური ზღაპრის „წიქარა" მსოფლიო თეატრალური პრემიერა შედგება. საქართველოს თოჯინურ თეატრებს ბაქოს პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მულტი-პულტის თეატრი წარმოადგენს. მანამდე მულტი-პულტის თეატრალური დასი ინტენსიურ რეპეტიციებს გადის. მუსიკალური სპექტაკლი, რომელიც ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს, ზაქარია ფალიაშვილის და სულხან ცინცაძის ორიგინალურ თემებს ეფუძნება, ახალგაზრდა მაგისტრანტმა რეჟისორმა გოჩა ხვიჩიამ დადგა.
პირველ საერთაშორისო თოჯინების ფესტივალში, რომელიც 1-6 ნოემბერს ბაქოში ცატარდება, ევროპისა და აზიის 14-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის, მულტიმედიური, ჩრდილების, თოჯინების, საბავშვო და საყმაწვილო თეატრალური დასები დიდი ბრიტანეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან, რუმინეთიან, ირანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, იორდანიიდან, ესტონეთიდან, ავსტრიიდან, ყაზახეთიდან, ეგვიპტიდან და აზერბაიჯანიდან.
საქართველოს ფესტივალზე წარმოადგენს მულტი-პულტის თეატრი გოჩა ხვიჩიას სპექტაკლით „წიქარა". ფესტივალის საზეიმო დახურვის პატივი სწორედ საქართველოს ერგო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველები ბაქოს ყველაზე პრესტიჟულ თეატრალურ სივრცეში-ბაქოს რუსული სახელწმიფო დრამატული თეატრის სცენაზე წარსდგებიან, რომლის დარბაზიც 600-ზე მეტ მაყურებელს იტევს.
მულტი-პულტის თეატრის დასი რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა, რომელშიც გაერთიანებულია პროფესიონალი მსახიობები სხვადასხვა თეატრებიდან. ამ მოკლე დროის მანძილზე დასმა რამდენიმე სპექტაკლი მოამზადა, მსოფლიო კლასიკური და ტრადიციული ქართული რეპერტუარიდან. ცნობილი ქართული ზღაპრის „წიქარას" სცენური ინტერპრეტაციაც, ამ ხნის მანძილზე, პირველად, სწორედ მულტი-პულტის თეატრში განხორციელდა ახალგაზრდების შემოქმედებითი ჯგუფის მიერ.
ახლებური სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორია გოჩა ხვიჩია, სპექტაკლის მხატვარი და თოჯინების მექანიზატორი მარიკა კვაჭაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ: თათია ბაქრაძე, სოფო ვარდიძე, ბექნუ ქაფიანიძე, ნანიკო კვარაცხელია, ცირა შარია და გენა შონია.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები, რომელსაც ჩაატარებენ ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, ავტრიიდან და თურქეთიდან, აღნიშნულ მასტერ კლასებში მულტი-პულტის თეატრის მსახიობებმაც მოიპოვეს მონაწილეობის უფლება.
მულტი-პულტის თეატრი ფესტივალისთვის ამზადებს ქართველ ბავშვთა ნახატების გამოფენას. ათასამდე ნახატი 3 დღის განმავლობაში გამოიფინება ბაქოს რუსული დრამატული თეატრის ფოიეში. ფესტივალის საზეიმო დახურვისას კი ქართველ ბავშვთა ნამუშევრები საჩუქარად გადაეცემათ აზერბაიჯანელ ბავშვებს დასტურად ერთა შორის სიყვარულისა და მეგობრობისა.
ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია თეატრმცოდნეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობას ილიას უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლევან ხეთაგური (სიმპოზიუმის სპიკერი) და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი მიიღებენ.
მულტი-პულტის თეატრის დასი საქართველოში 8 ნოემბერს დაბრუნდება.