საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე არ განაწყენებულა და შესაბამისად, სარგსიანის საქართველოში ვიზიტი არ გაუქმებულა.
"სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს, ის რომ რომელიმე მხარე რომელიმეზე განაწყენდა რაიმე გამონათქვამების გამო. ჩვენ სომხეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და პრეზიდენტებსაც მათ შორის ძალიან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ ერთმანეთთან. ვიზიტი არ არის გადადებული. საბოლოო თარიღი შეჯამებული ჯერ არ იყო. დგინდება უბრალოდ ვიზიტის თარიღი, როდის იქნება მისაღები ორივე მხარისთვის რომ ეს ვიზიტი განხორციელდეს", განაცხადა კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიუცილ ბრიფინგზე.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ქართველი კოლეგის მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებზე განაწყენდა, რომელიც სომხეთში მომხდარ მეწყერთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებს შეეხებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სარგსიანმა საქართველოში ვიზიტი გააუქმა.