გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში ყოფილი მეურნეობის ორსართულიანი შენობა მთლიანად დაიწვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ზაზა უტიაშვილმა განუცხადა, ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, რამდენიმე საათში შენობაში ცეცხლი ისევ გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.
„შენობას ხანძარი ღამით, პირველი სართულიდან გაუჩნდა. მისი ლიკვიდაცია მალევე მოვახერხეთ, თუმცა დილით ცეცხლი ჭერიდან ისევ გავრცელდა. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ დახმარებისთვის ყვარლის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა გამოვიძახეთ, მაგრამ შენობა მაინც მთლიანად დაიწვა", - განაცხადა ზაზა უტიაშვილმა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას გურჯაანის პოლიცია აწარმოებს.