ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო როსტომ მეფის სასახლესთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ.
"2011 წლის 29 ოქტომბერს დაახლოებით 17.00 საათზე თბილისში, ერეკლე მეფის მოედნის #3-ში, როსტომ მეფის სასახლესთან გამოცხადდნენ უცნობი პირები და მოითხოვეს სასახლის პირველ სართულზე შესვლა სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად. მათ განაცხადეს, რომ არიან შპს "ლაით ჯგუფი"-ს წარმომადგენლები და წარმოადგინეს მათსა და შპს "პროფერთი მენეჯმენტს" შორის 2011 წლის 1 ოქტომბერს დადებული იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს "პროფერთი მენეჯმენტი" შპს "ლაით ჯგუფს" 3 წლის ვადით გადასცემს როსტომ მეფის სასახლის პირველი სართულის ნაწილს - 150 კვ.მ-ის ოდენობით. ცნობისთვის, როსტომ მეფის სასახლე არის შპს "ახალი კაპიტალის" საკუთრება, რომელიც ქართუ ჯგუფის შემადგენლობაში შედის და მას არავითარი ქონება სარგებლობის უფლებით შპს "პროფერთი მენეჯმენტისათვის" არ გადაუცია.
"ლაით ჯგუფის" წარმომადგენლებს თან ახლდნენ თბილისის ზედამხედველობის სამსახურის იურისტები, რომლებმაც განმარტეს, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 26 ოქტომბრის დადგენილების მიუხედავათ (რომლითაც როსტომ მეფის სასახლის მშენებლობა იქნა შეჩერებული), სასახლეში სარემონტო სამუშაოების ჩატარება აკრძალული არ არის.
დაპირისპირებამ შპს "ახალ კაპიტალსა" და შპს "ლაით ჯგუფის" წარმომადგენლებს შორის რამდენიმე საათს გასტანა. საღამოს 20.00 საათისთვის შემთხვევის ადგილზე მოვიდა საპატრულო სამსახურის ოპერატორი. თავდაპირველად ოპერატორმა მოუწოდა "ლაით ჯგუფის" წარმომადგენლებს, რომ მოეძებნათ "პროფერთი მენეჯმენტი"-ს დირექტორი, რომელმაც მათ ხელშეკრულება გაუფორმა და მასთან გაერკვიათ, თუ რა უფლება ჰქონდა ამ ფართზე, თუმცა მალევე დამხმარე პატრულმა მორიგე პატრულს აცნობა, რომ უფროსი ურეკავდა, რის შემდეგაც პატრულის შემადგენლობამ ობიექტი დატოვა.
დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, "ახალმა კაპიტალმა" "ლაით ჯგუფის" წარმომადგენლებს შესთავაზა საქონელი დროებით, იქვე მდგარ შენობაში განეთავსებინათ, თუმცა ამას "ლაით ჯგუფის" წარმომადგენლები არ დათანხმდნენ. ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ ობიექტზე შესვლას და სარემონტო სამუშაოების დაუყონებლივ დაწყებას.
გაუგებრობის გაღრმავების თავიდან აცილების მიზნით, შპს "ახალი კაპიტალი" დათანხმდა "ლაით ჯგუფს" საქონლის სასახლეში შეტანაზე იმ პირობით, თუკი გაფორმდებოდა მარტივი შეთანხმება, რომლის თანახმადაც საქონელი სასახლეში განთავსდებოდა არაუგვიანეს 1 ნოემბრისა იმ პირობით, რომ მანამდე გაირკვეოდა საიჯარო ურთიერთობის ნამდვილობის საკითხი და თუ გაირკვეოდა, რომ არავითარი საიჯარო ურთიერთობა არ არსებობს, "ლაით ჯგუფი" შენობას დაუყოვნებლივ დატოვებდა. ამ შეთავაზებას თავდაპირველად "ლაით ჯგუფის" წარმომადგენლები დათანხმდნენ, თუმცა უკანასკნელ მომენტში შეთანხმებაზე ხელმოწერა გადაიფიქრეს იმ მიზეზით, რომ მათ ადვოკატთან კონსულტაციის გავლა ესაჭიროებოდათ.
საბოლოოდ, "ლაით ჯგუფმა" 21.00 საათისათვის მაინც შეიტანა საქონელი სასახლეში და შეუდგა რემონტს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"ახალი კაპიტალი" აცხადებს, რომ არავითარი იურიდიული საფუძველი შპს "ლაით ჯგუფს" სასახლეში შესასვლელად არ გააჩნია, ამიტომ მათ სასახლეში შესვლას და იქ სარემონტო საქმიანობის დაწყებას სხვის მფლობელობაში უკანონო შეჭრად აფასებს.
"ახალი კაპიტალი" მოუწოდებს "ლაით ჯგუფის" წარმომადგენლებს, რომ თუკი მათ რაიმე საბუთი გააჩნიათ, რომელიც სასახლესთან მიმართებაში "პროფერთი მენეჯმენტის" რაიმე უფლებას ადასტურებს, წარმოუდგინონ იგი 31 ოქტომბრის 15 საათამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შპს "ახალი კაპიტალი" იტოვებს უფლებას ჩადენილი სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ზომებს"