ახალი ქართული რომანტიული კომედია სახელწოდებით „სიყვარულის ბალადა" ნოემბერში კინოთეატრებში გამოვა. ფილმში მონაწილეობას 5 მთავარი მოქმედი პირი იღებს, მათ შორის რუსკა მაყაშვილი და გიორგი ვარდოსანიძე.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობებმა განუცხადეს ფილმი ბანალური თემატიკისაა, თუმცა ძალიან სასაცილო და სასიამოვნო სანახავია.
"ძალიან სასაცილო გამოვიდა, ვინც მოვა ძალიან ისიამოვნებს, მიყვარს „იდიოტური" პერსონაჟების თამაში და „კაკაბამ" (ირაკლი კაკაბაძე) ამ როლით ერთგვარი საჩუქარიც გამიკეთა. ჩემთვის როგორც მსახიობისთვის ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი იყო, იმიტომ რომ ძირითადად ჩემი თაობის გუნდთან მიწევდა მუშაობა. რაც შეეხება, პარტნიორებს, რუსკა ერთადერთი გოგოა ვინც ამ ფილმში თამაშობს და მინდა გითხრათ, რომ ამჯერად ის ძალიან წესიერ და დალაგებულ გოგონას თამაშობს", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ვარდოსანიძემ.
ფილმის გადაღებები უკვე დასრულდა, ამჯერად მიმდინარეობს მისი მონტაჟი. „სიყვარულის ბალადას" საუნტრეკი ჯგუფ „თავისუფალს" ეკუთვნის. როგორც „ჯი-ეიჩენთან" ჯგუფის წევრმა შოთა მერკვილაძემ აღნიშნა მათ „ღამის შოუს" სტუდიამ სთხოვა ფილმისთვის მუსიკა შეექმნათ.
„დაგვირეკეს და გვთხოვეს მუსიკის დაწერა ფილმზე, რომლის გადაღებებსაც ვესწრებოდი და ძალიან მომწონს. პროფესიით მსახიობი ვარ და დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ჟანრის ფილმში. ვფიქრობ, ისეთი გამოვიდა საზოგადოებას უნდა მოეწონოს. მსახიობები და სცენარი იმდენად კარგია, რომ ერთიანობაში საყურებელს და სახალისო სანახაობის მომსწრე გავხდებით. ვფიქრობ, მუსიკაც შესაბამისი გამოგვივიდა", - აღნიშნა მერკვილაძემ.
ცნობისთვის, ფილმზე „ღამის შოუს" სტუდია მუშაობს, რომლის პრემიერა კინოთეატრებში ნოემბრის დასაწყისში იგეგმება.