საერთაშორისო კინოფესტივალ "Mannheim-Heidelber"-ზე ნაჩვენები იქნება ქართველი რეჟისორის მხატვრული ფილმი "მარილივით თეთრი".
ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის კინორეჟისორების ნამუშევრები იქნება ნაჩვენები. ფესტივალი 10-იდან 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ქეთი მაჭავარიანის ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია. ფილმისთვის გაცემულმა სახელმწიფო სუბსიდიამ შეადგინა 145000 ლარი. 80-წუთიანი სოციალური დრამის მთავარი სათქმელია, ყოველდღიური რუტინის ფონზე უჩვენოს ადამიანებს, რომ მთავარი ცხოვრებაში არ არის ყოფა და უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამ: განწყობა, მაღალი მატერიები, სულიერება, ოცნებები. მეტაფორულად კი ეს არის მარილივით თეთრი სანაპირო.
ფილმის მთავარი გმირია ჭიათურელი ოფიციანტი ნანა, რომელიც ზღვის სანაპიროზე მუშაობს და ჭიათურაში კაფის გასახსნელად ფულს აგროვებს. მთავარი პერსონაჟები არიან ასევე უსახლკარო გოგონა სოფო და პოლიციელი ნიკო, რომლებიც ნანას გზაზე იკვეთებიან.
ფილმში ნაჩვენებია სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანი - სამივე ცდილობს შეცვალოს თავისი ცხოვრება.
ფილმში მონაწილეობენ ნინო ქორიძე, გაგი სვანიძე, გიორგი ყიფშიძე, გიორგი გიორგანაშვილი და სხვები. კომპოზიტორია გიო ცინცაძე.