უკრაინის ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს ბრალად, შესაძლოა, მკვლელობის შეკვეთა წაუყენონ. როგორც უკრაინის გენპროკურატურაში აცხადებენ, მათ აშშ-დან მიიღეს დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც 1996 წელს მომხდარ დეპუტატ ევგენი შერბანისა და მისი მეუღლის მკვლელობის საქმეში ქვეყნის ყოფილი პრემიერის მონაწილეობა დასტურდება. თუმცა, უკრაინის გენპროკურატურა ჯერ-ჯერობით ამ მონაცემებს სწავლობს და ამოწმებს.
უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე რენატ კუზმინი აცხადებს, რომ გენპროკურატურა აუცილებლად შეამოწმებს იმ დოკუმენტებს, რომლებმაც შესაძლოა უკრაინის ყოფილი პრემიერის შეკვეთილ მკვლელობაში თანამონაწილეობა დამტკიცდეს.
კუზმინის თქმით, იგი რამდენიმე ხნის წინ აშშ-ში იმყოფებოდა და იქ უკრაინის ექს-პრემიერის პაველ ლაზარენკოს დაკითხვას ესწრებოდა. ლაზარენკო აშშ-ში ფულის გათეთრების გამოი იხდის სასჯელს. "ჩვენ გვაქვს ამერიკაში მყოფი მოწმის ოქმი, რომელშიც მოწმე პირდაპირ საუბრობს, რომ შერბანის მკვლელობისათვის თანხა ლაზარენკოსა და ტიმოშენკოს ანგარიშებიდან გადაირიცხა. ჩვენ ეს დოკუმენტაცია გვაქვს და უნდა გადავამოწმოთ", _ აცხადებს რენატ კუზმინი.
შეგახსნებთ, რომ საუბარი მიდის 1996 წელს მომხდარ რადის დეპუტატის ევგენი შერბანის მკვლელობაზე. იგი თავის მეუღლესთან ერთად დონეცკის აეროპორტში უცნობმა პირმა მოკლა. აღსანიშნავია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარე საუბრების დროს იულია ტიმოშენკოს სახელი არაერთხელ ყოფილა ნახსენები.
2011 წლის 11 ოქტომბერს კიდევის პეჩორის სასამართლომ ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს 2009 წელს რუსეთთან გაზის კონტრაქტების გაფორმების საქმეში თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და კომპენსაციის სახით 190 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მიუსაჯა.
ამის შემდეგ გენპროკურატურამ ტიმოშენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის "რეანიმირება" მოახდინა, რომლის მიხედვითაც, ტიმოშენკოს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების დატაცება და გადასახადების გადაუხდელობა ედება ბრალად. ამას გარდა, ძიება მიდის კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე რომელიც "უკრაინის ერთიანი ენერგო სისტემების" დავალიანებას ეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართ.