"მოძრაობის თეატრი" შენობის გახსნის დღეს ცეცხლოვან, ექსტრემალურ საჰაერო წარმოდგენას გამართავს.
"მოძრაობის თეატრის" აშენება წლის ბოლოს დასრულდება. გახსნის დღიდან დასი აქტიურად დადგამს წარმოდგენებს. როგორც თეატრის ხელმძღვანელმა კახა ბაკურაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, შენობა ფორმით სხვა თეატრებისგან განსხვავებული იქნება.
"ჩვენი თეატრი არ იქნება სხვა რომელიმე დიდი თეატრების მსგავსი. შენობა იქნება მუშთაიდის პარკში და ის არა მარტო "მოძრაობის თეატრი" იქნება, არამედ თანამედროვე ხელოვნების ცენტრიც. თეატრში 20 მსახიობი და მუსიკოსი იქნება. გახსნასთან დაკავშირებით რამდენიმე სხვადასხვა ვერსია გვაქვს. ჩვენი რეპერტუარის ნაკრები გვინდა წარმოვაჩინოთ. იქნება ცეცხლოვანი, საჰაერო და ესტრემალური წარმოდგენები", - აღნიშნა ბაკურაძემ.
"მოძრაობის თეატრი" 10 წელია არსებობს, მაგრამ საკუთარი თეატრის მშენებლობა შარშან თავიანთი ხარჯით დაიწყეს.