ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ გურამ ჩახვაძეს აინტერესებს, სად იყვნენ 2008 წელს ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრები პეტრე მამრაძე და თამაზ დიასამიძე. ჩახვაძემ ეს განცხადება პარლამენტში დროებითი საგამოძიებიო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გამართული დებატებისას გააკეთა.
ჩახვაძის თქმით, 2008 წლის არჩევნებში მამრაძემ და დიასამიძემ მონაწილეობა მიიღეს და იმ ხელისუფლებას მხარი დაუჭირეს, რომელსაც ახლა აკრიტიკებენ. ჩახვაძემ დასძინა, რომ ედპ-ს ხელისუფლებასთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბებული ჰქონდა 2007-2008 წელს და დღესაც აქვს, ამიტომ ზოგიერთისგან შენიშვნებს ვერ მიიღებს.
"უნდა შეიქმნას კომისია, მაგრამ ამ კომისიამ არა მარტო ხელისუფლების ბრალეულობაზე უნდა იმსჯელოს, არამედ იმ პოლიტიკურ მოღვაწეებზე და იმ ორგანიზატორებზე, რომელთაც 26 მაისის პროვოცირება მოახდინეს და მთელი ეს კასკადი მსვლელობისა და პოლიტიკური აქტივობის, რასაც ქვეყანა კატასტროფისკენ მიჰყავდა. სამწუხაროა, რომ ხალხი დაიღუპა, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ვიმსჯელოთ იმ პასუხისმგებლობაზედაც და კომისიამ ზუსტად ეს უნდა შეისწავლოს იმ პოლიტიკური მოღვაწეების საკითხი, ვინც ეს ხალხი ამ გზით წაიყვანა", - აღნიშნა ჩახვაძემ.