საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, ევროკავშირი კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი და საქართველო ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან, რაც მათი აზრით, ძალზე სასარგებლო იქნება ორივე მხარისათვის.
"ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას შვეიცარიის შუამდგომლობით მიმდინარე ძალისხმევას, რომლის წყალობით საკითხის დადებითად გადაჭრის შესაძლებლობა გაჩნდა. ევროკავშირი მოელის, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება წელს, ვმო-ს მინისტერიალზე იქნება მიღებული", - აღნიშნულია დიმიტროვის განცხადებაში.
ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს, უახლოესი დღეების განმავლობაში დაასრულონ შეთანხმების მიღწევის პროცესი.
შეგახსენებთ, რომ ქართული მხარე შვეიცარიელი შუამავლების მიერ წამოყენებულ წინადადებას დასთანხმდა, რომლის მიღების შემთხვევაში რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდება. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ დაადასტურა.
"ეს წინადადებები შვეიცარიელმა შუამავლებმა გუშინ საღამოს წარმოადგინეს. წინადადება გულისხმობს სპეციალური მექანიზმის შექმნას, რომელიც, თავის მხრივ, გააკონტროლებს ტვირთების გადაადგილებასა და მიმოქცევას იმ დერეფნებში, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის გამაერთიანებელი ტერიტორიების საზღვრებზე მდებარეობს", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კაპანაძე.
მისი თქმით, თავის მხრივ, ეს მექანიზმი ორი კომპონენტისგან შედგება.
"ეს იქნება საერთაშორისო მონიტორინგი და საერთაშორისო მონიტორების მიერ ტვირთების მონიტორინგის გაკონტროლება ელექტრონულ რეჟიმში. აღნიშნული შეთანხმება ხანგრძლივი მუშაობის შედეგია. ამჯერად, უკვე ბურთი რუსეთის მოედანზეა და ჯერი მასზეა", _ აცხადებს კაპანაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.