საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის მთავარ მიზანს როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციებში ტრენინგების მიმართულებით ურთიერთგამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში ასევე განიხილება სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
დელეგაციის წევრები უკვე გაეცნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას, დაათვალიერეს ადმინისტრაცია და მასში შემავალი დეპარტამენტები. შედგა შეხვედრა სსიპ, „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" წარმომადგენლებთან. ცენტრის ხელმძღვანელობამ მათ მიერ ჩატარებული ტრენინგების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა, ასევე პრეზენტაციის სახით წარმოადგინა ცენტრის შექმნის, მისიისა და გაწეული საქმიანობის შესახებ. მოგვიანებით, დელეგაციის წევრები მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიას ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ კომისიის მუშაობას. კომისიის წევრებმა თავის მხრივ დეტალურად განუმარტეს მათი ძირითადი სამუშაო პრინციპები და თავისებურებანი, ასევე ისაუბრეს - თუ რა კუთხით გადის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობა სწავლებებს.
ვიზიტის მეორე დღეს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო პროექტის (UNDP) წარმომადგენლებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ახალი თაობა - ხალი ინიციატივა). UNDP-მ სტუმრებს, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი მათ მიერ საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს, რაც თავისთავად სხვადასხვა სახის ტრენინგებს და ამომრჩეველთა განათლებას გულისხმობს.
დღეს უკრაინის დელეგაციამ პოლიტიკური პარტიების (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს კონსერვატიული პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა) წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები, სადაც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ა.შ.
დღეს, 27 ოქტომბერს, უკრაინის ცესკოს დელეგაცია თელავის საოლქო საარჩევნო კომისიას ეწვია. დელეგაცია საქართველოს 28 ოქტომბერს დატოვებს.