საქართველოს 150 მოქალაქეს თურქეთში დეპორტაცია მიუსაჯეს. საქართველოს 80 მოქალაქე თურქეთიდან უკვე დეპორტირებულია, დანარჩენი კი სამშობლოში დღეს გამოემგზავრება. დეპორტაცია შეეხო როგორც არალეგალურად დასაქმებულ, ისე დამსაქმებელ პირებს. ანკარის პოლიციამ, ოპერაცია რომელიც წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა, გუშინ დაასრულა. დაკავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს მოქალაქეები მათ შორისაც იყვნენ.
"ოპერაციის შედეგად, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მზადდებოდა, წინასწარ იქნა აყვანილი 40-ზე მეტი არალეგალურად დამსაქმებელი. მათი დიდი ნაწილი თურქეთის მოქალაქეებისგან შედგება. თურქული მხარე თავს იკავებს მათი ვინაობის გამხელისგან, რადგან პროცესი დამთავრებული არ არის. ზოგიერთი მათგანი მხილებულია ტრეფიკინგში და უცხოელებზე ძალადობაში. ოპერაციის შედეგად დაკავებული იქნა ასევე არალეგალურად დასაქმებული 200-მდე უცხოელი. რომლებიც დაექვემდებარნენ ქვეყნიდან დეპორტაციას. მათ შორის არის საქართველოს 150 მოქალაქე. გუშინ ავტობუსებით საქართველოს 80 მოქალაქე გამოამგზავრეს, რომლებიც სახელმწიფო საზღვარს დღეს დილით გადმოკვეთავენ", - განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბრისას თურქეთში საქართველოს კონსულმა პაატა სარიშვილმა.