27-28 ოქტომბერს, 10:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და საქრთველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აშშ-ის საელჩოსა და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, გაიმართება ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია - "ხელოვნება, ხელოვნების ისტორია და მეხსიერება იდენტობის ძიებაში".
კონფერნციაში ქართველ ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის და რუსეთის სხვადასხვა მუზეუმისა და უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები. მათ შორის: პეტერ როლბერგი (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ), ტალინ გრეგორი (ბრენდის უნივერსიტეტი, აშშ), სვეტლანა ხრომჩენკო (მოსკოვის აღმოსავლეთის მუზეუმი, რუსეთი), ნინა გეტაშვილი (ხატვის, ქანდაკებისა და არქიტექტურის რუსეთის აკადემია, რუსეთი), მერი ქეი ჯუდი (თანამედროვე და ახალი არქიტექტურის დამოუკიდებელი ექსპერტი, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის ასოციაცია, აშშ), რომლის მოხსენების თემაც საინტერესოა დღევანდელობისთვის: "ქართული კულტურული მემკვიდრეობის კონფლიქტური იდენტობა, წარმოდგენილი ეროვნულ წინადადებებში ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის".
კონფერენციის ინტერდისციპლინარული ხასიათიდან გამომდინარე წარმოდგენილი იქნება მიმდინარე კვლევები როგორც სახვით ხელოვნებაში, ასევე მუსიკაში, თეატრში, კინოსა თუ ლიტერატურაში.
ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის, დღეს უკვე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად XXს-ის ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების, ასევე კონკრეტულად იდენტობის პრობლემის კვლევის თვალსაზრისით.
საზოგადოებას საშუალება ექნება, დაათვალიეროს თბილისის სადარბაზოების მოხატულობის ამსახველი ფოტო-გამოფენა, რომელიც მომზადდა გ. ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელთა მიერ თბილისის მერიის მხარდაჭერით და ასევე გაეცნოს ამავე ცენტრის უახლეს გამოცემებს ქართული ისტორიული ძეგლების შესახებ.