შვედეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიანა იანსემ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის სამომავლო გეგმები მოისმინა. როგორც ივანიშვილის პრესსამდივნოში აცხადებენ, შვედეთის სრულუფლებიანი ელჩი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ბიზნესმენს შორის გასულ კვირას გამართულ შეხვედრას ვერ დაესწრო, ამიტომ შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა.
"იანსემ კმაყოფილება გამოთქვა შეხვედრის გამო და აღნიშნა, რომ შვედეთის საელჩო ინტერესით ადევნებს თვალს პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის ივანიშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ელჩი იმ პრობლემებსაც გაეცნო, რომელიც ივანიშვილს ქართულ პოლიტიკურ არენაზე გამოჩენისთანავე შეექმნა. მისი თქმით, მოვლენათა შემდგომ განვითარებას ყურადღებით დააკვირდება", - აცხადებენ ბიზნესმენის პრესსამდივნოში.