კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალურ მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, უკრაინამ თავად თქვა უარი ნატოში ინტეგრაციაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მოსკოვში მოწყობილ პრესკონფერენციაზე ჯეიმს აპატურაიმ ეს განცხადება ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის დიმიტრი როგოზინის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა, რომლის დროსაც როგოზინმა რუსეთის მიღწევად დაასახელა ის, რომ საქართველო და უკრაინა დღეს ნატოს წევრები არ არიან.
"ჩემი აზრით, უკრაინის ხელისუფლებას თავად ძალუძს გადაწყვეტილებების მიღება. მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მათ ნატოსკენ სწრაფვა არ სურთ", _ განაცხადა აპატურაიმ და აღნიშნა, რომ უკრაინელმა ხალხმა არჩევანი გააკეთა და ალიანსში ამას პატივს სცემენ.
თუმცა, ჯეიმს აპატურაიმ იქვე აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ძალაში რჩება და უკრაინაც და საქართველოც შეიძლება ნატოს წევრები გახდნენ, იმ შემთხვევაში თუკი ამას თავად მოისურვებენ და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვლენ.
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალურ მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღმნიშნა ისიც, რომ საქართველო აგრძელებს მუშაობას ნატოს წევრობისთვის და ყველა აუცილებელ რეფორმას ატარებს.
შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სწორედ რუსეთის დამსახურებაა ის, რომ ვერც უკრაინამ და ვერც საქართველომ ნატოს წევრობას ვერ მიაღწიეს.
"ჩვენ შევძელით იმის მიღწევა, რომ უკრაინა - ნატოს წევრი არ არის, ჩვენ შევძელით იმის მიღწევა, რომ საქართველო - ნატოს წევრი არ არის, ჩვენ შევძელით იმის მიღწევა, რომ არ დავთმეთ რეკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ახლა იქ არსებული ჩიხი სწორედ ჩვენი პოზიციითაა გამოწვეული და იმ კომპრომისებზე წასვლის სურვილის არქონას უკავშირდება, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას დააზარალებენ", _ განაცხადა როგოზინმა.