არჩევნებში პატიმრების მონაწილეობის საკითხზე ევროსაბჭოს რეკომენდაცია აქვს, თუმცა, მმართველი პარტია ევროსაბჭოს რეკომენდაციის შესრულებას პოლიტიკური შეთანხმების ხარჯზე არ აპირებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ
პატიმრების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხი შეტანილი იყო იმ წინადადებებში, რომელიც აპრილის თვეში გააჟღერეს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფთან.
~მაშინ ოპოზიციის აბსოლიტური უმრავლესობა ამ საკითხის წინააღმდეგი იყო. მათ მიიჩნიეს, რომ ეს შეიძლება ვიღაცას გამოყენებინა საკუთრი მიზნებისთვის. პოლიტიკურ პარტიებს ვენეციის კომისიის ექსპერტებთან კიდევ ერთხელ ექნებათ საშუალება გაარკვიონ ეს საკითხი. ეს არის ვიღაცის ინტერესი თუ საერთასორისო სტანდარტი, რომლის დაკმაყოფილებასაც ჩვენ ვცდილობთ~, - განაცხადა კუბლაშვილმა.
მანვე დასძინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლტიკური შეთანხმება და ამ შეთანხმების შესაბამისად იქნება მიღებული გადაწყვეტილება.
საუბარია მსჯავრდებულების მხრიდან პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობაზე.
~ჯერჯერობით, პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ამის წინააღმდეგია, ჩვენ კი ნამდვილად არ ვაპირებთ ევროსაბჭოს რეკომენდაციის შესრულებას პოლიტიკური შეთანხმების ხარჯზე~, - აღნიშნა კუბლაშვილმა.