იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს შესაბამის კომიტეტს რეკომენდაციები აქვს.
აღნიშნული განცხადება კუბლაშვილმა დღეს ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბარში კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ამ წლის ივნისის თვეში ევროპის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა - ~გრეკო~ შეაფასა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებების სისტემა. ეს შეეხებოდა როგორც საარჩევნო დაფინანსებას, ისე არასაარჩევნო დაფინანსებას. ანუ წლის განმავლობაში მისაღებ თანხებს.
~შეფასდა როგორც სახელმწიფო დაფინანსების ნაწილი, ისე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებისგან მიღებული თანხებით დაფინანსების შესაძლებლობა. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს აქვს კონკრეტული რეკომენდაცია. ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი კანონპროექტი არ არსებობს, შესაბამისად, რაიმე კონკრეტული წინადადება ჩამოყალიბებული პროექტის სახით არ არის, თუმცა, ვმუშაობთ იმაზე, რომ ევროპის საბჭოს რეკომენდაციები ამ მიმართულებით იყოს გათვალისწინებული~, - აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.