გრიბოედოვის თეატრში, კომპოზიტორ მიხეილ ტარივერდიევისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბალერინა არ გამოცხადდა. მაშინ როდესაც, თამთა ბახტაძე სცენაზე უნდა გასულიყო და ბალეტი ეცეკვა, ორგანიზატორებმა ის კულისებში ვეღარ იპოვეს. მათ ბალერინას გასახდელიც ცარიელი დახვდათ. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების დამდგმელმა რეჟისორმა ნუგზარ ჩხაიძემ განუცხადა, მსგავსი პრეცედენტი მის მრავალწლიან პრაქტიკაში არ მომხდარა.
„მართალი გითხრათ არ მესმის ამ გოგოს საქციელი. მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარა. ბალერინა იყო მოსული, იმუშავა, ცეკვა დადგა და ვერც წარმოვიდგინდით, რომ ის ღონისძიებიდან წავიდოდა. ვერც ვიფიქრებდით, რომ ის სადმე წავიდოდა და ამიტომ იყო პაუზა კონცერტზე. შეიძლებოდა სხვა ნომერზე გადავსულიყვით, მაგრამ ვიფიქრეთ სხვა კულისებში იყო და იქიდან აპირებდა გამოსვლას. არ ვიცნობ პირადად და ღმერთმა ქნას, რომ კარგად იყოს და რამე უბედურება არ შეექმნა. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. რატომ არ უნდა მოხვიდე სპექტაკლზე, სადაც ამდენი შრომაა ჩადებული", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ღონისძიების დამდგმელმა რეჟისორმა ნუგზარ ჩხაიძემ.
გაურკვევლობაში დარჩენილი საზოგადოება პასუხს ირმა სოხაძისგან ითხოვდა. სოხაძე ღონისძიების სამხატვრო ხელმძრვანელი გახლდათ და მან თამთა ბახტაძე ქორეოგრაფ ოთარ ბერიძის რჩევით მოიწვია.
„დავბერდი ქალი და მსგავსი რამ არ გამიგია. ბალერინას შეეშალა დღე და კონცერტის დროს წავიდა სახლში. გენერალური რეპეტიცია დავამთავრეთ 6 საათზე და გამოვაცხადე არსად წასულიყვნენ, რადგან ღონისძიება ერთ საათში იწყებოდა. მას თურმე ეს არ გაუგია და წავიდა სახლში. თავში არ მომსვლია, რომ ოთახში შევსულიყავი და გამეფრთხილებინა. ორი ნომრით ადრე, დავიწყეთ ძებნა და ის უკვე გამქრალი იყო. ძალიან ლამაზი ნომერი ჩამივარდა მისი ამ დაუფიქრებელი საქციელით", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" სოხაძემ.
შეგახსენებთ, რომ რეპეტიცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნომრის დადგმას კი ბალერინამ 2 თვე მოანდომა.