გრიბოედოვის თეატრში, კომპოზიტორ მიხეილ ტარივერდიევის 80 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საღამოზე ფილმ "ბედის ირონიიდან" სიმღერები ქართველმა მომღერლებმა მერაბ სეფაშვილმა, ნუგზარ კვაშალიმა, ზურაბ დოიჯაშვილმა, ირმა სოხაძემ და ვერიკო ტურაშვილმა შეასრულეს.
„გვიხარია, რომ ეს ლეგენდარული ადამიანი თბილისში ცხოვრობდა და თბილისელია. მისი შემოქმედების რაღაც ნაწილი ჩვენ ქვეყანას უკავშირდება და ჩვენთან არის შექმნილი. რაც შეეხება მის გენიალურ მუსიკას, რომელიც ფილმში ჟღერს ვფიქრობ, მართლა ძალიან კარგია და იმდენად უბრალოა, რომ პოპ მუსიკის ჟანრადაც შეიძლება ჩათვალო. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ეს ფილმი ვნახე და სრულიად შოკირებული ვიყავი, იმდენად მომეწონა", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მერაბ სეფაშვილმა.
„მე ყოველთვის მუსიკას ვაყენებ პირველ რიგში - ბევრი კი კინორეჟისორს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე ვერ წარმომიდგენია ტარივერდიევის მუსიკის გარეშე ეს ფილმები. ფაქტობრივად, მუსიკამ გააკეთა „ბედის ირონიაც" და „17 გაელვებაც". მის სულში დევს მუსიკა, იმიტომ რომ დაიბდა და გაიზარდა თბილისში. ვინც კი თბილისის ჰაერი ჩაყლაპა ყველა მაგარი გამოვიდა. ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ამით, მერე რა რომ ის და კიდევ სხვები სხვა ეროვნების ხალხია, თბილისის ჰაერს აქვს მაგიური ძალა და ყველანი არიან ძალიან კარგები. ტარივერდიევი იყო ძლიერი მუსიკოსი და ყველა ფილმის გამარჯვება არის ამ მუსიკის წყალობით", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" ნუგზარ კვაშალიმ.
მიხეილ ტარივერდიევისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველად 4 წლის წინ მოეწყო.
„ეს ორი საღამო ერთმანეთს გავდა, მაგრამ ამავდროულად როგორც ყველა ცოცხალი კონცერტი განსხვავდებოდა. აქ დაემატა ნომრები, შემდაგენლობა იყო სრულიად ახალი და რაც მთავარია სული იყო ისე, როგორც მაშინ. ჩვენ ძალიან გვიყვარს ტარივერდიევი. ის ნამდვილი თბილისელია, როდესაც უკრავ, მღერი მის მუსიკას ეტყობა, რომ ქართულია. თავადაც უთქვამს, რომ ყველაფერი ჩემში კარგი ქართულიაო. ამიტომ ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, რომ მისი 80 წლის იუბილე აღგვენიშნა", აღნიშნა კონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირმა სოხაძემ.