რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში, ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო, სახელწოდებით „ლექსო ნუ დაიკარგები" გაიმართა. ღონისძიებაზე მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მელექსეები, ავტორმთქმელები და ფოლკლორული ანსამბლები. საღამოს ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული უძღვებოდნენ.
„არაჩვეულებრივი ხალხი იყო. მე ვხვდები, რომ არავინ იგონებს იმ ემოციას, რაც გამომყვა დარბაზიდან. რუსთაველის თეატრიდან ყველა უბედნიერესი წავიდა. ვფიქრობ, რომ ნამდვილად შედგა ეს საღამო", - აღნიშნა ფოლკლორისტმა, ეთერ თათარაიძემ.
„ჩემთვის ეს საღამო ქართული სულის უკვდავებას ნიშნავს, სანამ ეს საღამო არსებობს არაფრის არ მეშინია, არც მაცდუნებელი და მომხიბვლელი ცივილიზაციიდან გამომდინარე სიახლეების. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს, მაგრამ ძველიც არ უნდა დაიკარგოს. ეს არის ის, რაზეც უნდა გავზარდოთ შვილები", - აღნიშნა ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლემ, მზეო გოგოჩურმა.
აღსანიშნავია, რომ საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც დაესწრო.
ხალხური პოეზიის საღამო ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით ჩატარდა.
„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვახუშტი კოტეტიშვილის შემდეგ ასეთი საღამო გავაკეთეთ. ვფიქრობ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ძალიან კარგად ჩაიარა ამ საღამომ და ძალიან ბევრი საინტერესო სახე გამოჩნდა, ვისაც აქამდე არ ვიცნობდით. რაც ყველაზე მთავარია, ახალგარზდები გამოვიდნენ სცენაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საღამოები აუცილებლად კვლავ უნდ გაგრძელდეს", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" გიორგი უშიკიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ XX საუკუნის 80-იანი წლების ცნობილი ხალხური პოეზიის საღამოები პირველად 2000 წელს აღდგა, ხოლო მრავალწიანი პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა 2008 წლის 12 მაისს. რის შემდეგაც ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პოეზიის საღამო ყოველწლიურად ეწყობა.