ჯგუფი "Candy", რომელიც სომხეთში, რიგით მეცხრე საბავშვო "ევროვიზიაზე", საქართველოს სახელით წარდგება, კონკურსისთვის ემზადება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროექტის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა გიგა კუხიანიძემ განუცხადა, წელს "ევროვიზიაზე" ბავშვები იმღერებენ 70-80 წლების რეტროს, რომელიც თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი.
"რატომღაც გადავწყვიტე, წელს კვინტეტი მდგარიყო "ევროვიზიის" საბავშვო სცენაზე. შევკრიბე 5 გოგონა. მათ აქვთ აბსოლუტური სმენა. ახლა მიმდინარეობს კოსტიუმების შეკერვა. ახალ ცეკვას ვდგამთ შოუსთვის, ახალი არანჟირება კი უკვე მზად არის და დადებულია საიტებზე. ვფიქრობ, ეს ბავშები წარმატებას მიაღწევენ "ევროვიზიაზე. სიმღერა Candy Music დისკო სტილში შევქმენი. თემა ძალიან ბავშვურია და ტკბილეულთან ასოცირდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კუხიანიძემ.
ცნობისთვის, ისინი "ბზიკები სტუდიომ" შიდაშესარჩევი კონკურსის მეშვეობით შეკრიბა და გააერთიანა. მათ შორის არის პროექტ "ნიჭიერის" ფინალისტი ანი ხანჩალიანი. როგორც მუსიკალური ხელმძღვანელი აცხადებს, ის საზოგადოების წინაშე სულ სხვა კუთხით გამოჩნდება.
ბავშვების ასაკი 10-იდან 15 წლამდეა. ხუთივე გოგონა მომღერალია: მარიამ ღვალაძე, ირა კოვანენკო, გვანცა სანებლიძე, ირინა ხეჩანოვი, რომელიც შარშან "ანაბანას" მონაწილე იყო და ანა ხანჩალიანი, რომელსაც წამყვანი ფრაზები ექნება სიმღერაში და გამოიკვეთება მისი შესაძლებლობები.
ვიდეოკლიპი Candy Music ევროფესტივალის მონაწილე ქვეყნების ტელეარხებზე გადის.
კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსი ერევანში კონკურსს 3 დეკემბერს უმასპინძლებს.