29 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში, ფონდ "იავნანას" კონცერტზე, 9-შვილიანი ოჯახის დასახმარებლად მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე დაუკრავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "იავნანას" სამხატვრო ხელმძღვანელმა, თეონა ჯორბენაძემ განუცხადა, ფონდისთვის უპირველეს საკითხად ბავშვთა სახლებიდან ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნება და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების შვილების ინსტიტუციაში მოხვედრისგან პრევენციაა.
"იავნანა~ განაგრძობს პრევენციისა და რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართულობას, რაც ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციას გულისხმობს. ვფიქრობ, ლექსო თორაძე განსაკუთრებულად მოენატრა ქართველ მსმენელს, ეს ჩვენთვის საოცნებო პროექტია. ყველაზე რთული საკონცერტო რიცხვების შეთანხმებაა ხოლმე, პაატას ყოველ მეორე დღეს სპექტაკლები აქვს, ბატონი ლექსოც ძალიან დაკავებულია და ბატონი ვახტან მაჭავარიანიც. მოკლედ, როგორც იქნა შესაძლებელი გახდა მათი შეკრება და 29 ნოემბერს გაიმართება კონცერტი", - განაცხადა ჯორბენაძემ.
საქველმოქმედო კონცერტზე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს ბელგიის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ვახტან მაჭავარიანი უდირიჟორებს.
შეგახსენებთ, რომ "იავნანას" პროგრამის ფარგლებში 29 ნოემბერს 9-შვილიან ოჯახს გადაეცემა სახლის გასაღები. ფონდი ასევე განაგრძობს აგვისტოს ომის დროს დაობლებული 130 ბავშვის ყოველთვიურ დახმარებას. ეს პროგრამა 2008 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მოყოლებული უკვე სამი წელია ხორციელდება.