2012 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ავსტრიის წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაცია ეწვევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მინისტრი, ვერა ქობალია სამუშაო ვიზიტით იმყოფება ავსტრიის რესპუბლიკაში. მან უკვე გამართა შეხვედრები ავსტრიის სამთავრობო და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.
აღმოსავლეთ ევროპაში ავსტრიის წარმატებული ექსპანსიის შემდეგ, ჯერი შავი ზღვის რეგიონზეც მიდგა. 2010 წელს ავსტრიის მთავრობამ შეიმუშავა "შავი ზღვის რეგიონის სტრატეგია", რომლის საფუძველზედაც ავსტრიელი ბიზნესმენები საქართველოში ინვეტიციების ჩადებას გეგმავენ. სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ლოგისტიკა. საქართველოს ეკონომიკის ეს სექტორები ავსტრიელთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ავსტრიული ინვესტიციით მიმდინარეობს საქართველო-თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველო თურქეთსა და ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტს მკვეთრად გაზრდის.
"შავი ზღვის რეგიონის სტრატეგია" ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება იყო, იმ შეხვედრებიდან, რომელიც ვენაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ გამართა. ავსტრიის სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენელებთან გამართა. ავსტრიის ეკონომიკის, ოჯახისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ რეინოლდ მიტერლენერთან შეხვედრისას განხილული იყო ყველა მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი. მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობები და საინვესტიციო პოლიტიკა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტმა ავსტრიაში 119 პროცენტით მოიმატა, საქართველოს ბაზარზე კი გამოჩნდენენ ავსტრიული კომპანიები, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქობალიამ შეხვედრები ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან გამართა, რომელიც საქართველოსთან უკვე თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის, სატყეო ინდუსტრიის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. სააგენტოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, თბილისში 2013 წლისთვის წარმომადგებლობა გახსნას. სამომავლოდ, სააგენტოს ინტერესი გაიზრდება და ისეთ მიმართულებებსაც მოიცავს, როგორიცაა მშენებლობა, აგროსექტორის მექანიზაციაში დახმარება და მდგრადი ენერგეტიკა.
ქობალიას ვიზიტი ორი ქვეყნის ეკონომიკური კომისიის სხდომას დაემთხვა, რომლის დროსაც საქართველოს მიერ შეთავაზებულ საკითხებზე ავსტრიელებმა თანხმობა განაცხადეს.
ასევე გადაწყდა, რომ 2012 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ავსტრიის წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაცია ეწვევა, პარალელურად კი ორი ქვეყნის ბიზნესფორუმი ჩატარდება.