28-29 ოქტომბერს თბილისში ტარდება ქართველი მწერლისა და ხელოვანის, გოდერძი ჩოხელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "გოდერძი ჩოხელი - შემოქმედება საზღვრების გარეშე".
ღონისძიება საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრის - საერთაშორისო ინკორპორაცია "ამირანის" ორგანიზებით და თბილისის მერიის კულტურის სამსახურის, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის ადმინისტრაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართება.
კონფერენცია 28 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიხსნება.
29 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კონფერენციის ფარგლებში დუშეთის კულტურის სახლში წარმოდგენილი იქნება დუშეთის სახალხო თეატრის სპექტაკლი გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებების მიხედვით.
30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გუდამაყარში პოეტების, მწერლებისა და მუსიკალური ანსამბლების მონაწილეობით გოდერძი ჩოხელის ხსოვნის დღე მოეწყობა.