"თუ არ არის შოუ, ნიფხვების ან ფეხსაცმელის გამოფენა, არავის აინტერესებს სახვითი ხელოვნება. არავის უნდა თანამედროვე მხატვრობა, კულტურის სამინისტრომ სულ აიღო ხელი სახვით ხელოვნებაზე", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მხატვარმა თემურ გოცაძემ.
როგორც მხატვარი აცხადებს, მას უკვე მზად აქვს ნახატების სერია და, ნამუშევრების რაოდენობიდან გამომდინარე, მისი გამოფენა მხოლოდ საქართველოს ეროვნული გალერეაში (ყოფილ "ცისფერ გალერეაში") არის შესაძლებელი.
"ნახატების ორი გამოფენა მზად მაქვს. მინდა ეროვნულ გალერეაში გამოვფინო, რადგან სხვაგან იმდენად სივიწროვეა, რომ ნამუშევრები ნორმალურად ვერც გამოიფინება. განცხადება დავწერე და გავაგზავნე. მითხრეს, რომ 8 თვეში განიხილება. ახლა ისეთი გამოფენააა, რომელიც ერთ წელიწადს უნდა იყოს შიგნით. მოკლედ, ეროვნული გალერეა თანამედროვე მხატვრებს აღარ ეკუთვნის", - აღნიშნა გოცაძემ.
შეგახსენებთ, რომ მხატვარ თემურ გოცაძეს ბოლო პერსონალური გამოფენა 2003 წელს მოეწყო.
ცნობისთვის, ეროვნულ გალერეაში 2005 წლიდან 2011-მდე სარემონტო სამუშაო მიმდინარეობდა და დახურული იყო. ამჯერად კი, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მუზეუმის კანცელარიის უფროსმა ნათელა ჩხარტიშვილმა განუცხადა, გალერეაში საგამოფენო ადგილები დაკავებულია.
"ცისფერ გალერეაში გამოფენილია ჩვენი მუზეუმის კოლექცია. მე-19 საუკუნის ქართული შედევრები. ფიროსმანის, გუდიაშვილის, კაკაბაძის, ახვლედიანის და სხვათა ნამუშევრები. გამოფენა 8 ივნისს გავხსენით და ჯერ არ ვიცით, შეიძლება წლის ბოლომდე გაგრძელდეს. ამ ეტაპზე დაკავებულია დარბაზი და ყველა შემოტანილი განცხადება გამოფენის დასრულების შემდეგ განიხილება", - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.