რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხის ირგვლივ საქართველო ჩვენ შეუძლებელს გვთხოვს და ისეთ მოთხოვნებს აყენებს, რომელთა შესრულებაზეც რუსეთი არასოდეს არ წავა. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ არკადი დვორკოვიჩმა გააკეთა.
"ჩვენ საქართველოსთან მოლაპარაკებები არ დაგვისრულებია, ამასთან ერთად, ჩვენი მეზობლების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან არავითარი საერთო არა აქვთ, ისინი სულ სხვა რამეს ეხება, იმას რაზეც ჩვენ წასვლა არ შეგვიძლია და არც არასოდეს წავალთ", _ განაცხადა დვორკოვიჩმა ფორუმზე "ფინური ბიზნესი მოსკოვში".
დვორკოვიჩის თქმით, საქართველო მოითხოვს რაღაც "გაურკვევლობების აღიარებას ორი ქვეყნის სტატუსთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენ უკვე ვაღიარეთ - ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართებაში". სწორედ ამის გამო - აცხადებს პრეზიდენტის თანაშემწე რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი ღიად რჩება.
"თუ ჩვენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში არ გავწევრიანდებით, ყველასათვის უარესი იქნება: ჩვენთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ბარიერები კვლავ მაღალი დარჩება და შესაძლოა, კრიზისის გავლენით ისინი მხოლოდ გაიზარდოს", _ აცხადებს დვორკოვიჩი და მიუხედავად ყველაფრისა იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსათან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.