ნესტან კირთაძე ელჩებთან და დიპლომატებთან ახალი რანგითა და ახალი სტატუსით აგრძელებს თანამშრომლობას. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" თავად ნესტან კირთაძემ განუცხადა.
„ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორიო ორგანიზაციები და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები ჩემთან, როგორც „ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანთან თანამშრომლობდნენ. ახლა, მე უკვე დაგეგმილი მაქვს და დგება გრაფიკი შევხვდე ელჩებსა და დიპლომატებს. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესი და ამავდროულად, მე მინდა მათ გავაცნო ჩემი პოლიტიკური გეგმების შესახებ. მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება ნესტან კირთაძის ახალი რანგითა და ახალი სტატუსით. ორშაბათიდან უკვე დაიწყო ჩემი კონსულტაციები. ეს არის მრავალმხრივი კონსულტაციები. მინდა ვისარგებლო თქვენი სააგენტოთი და მადლობა გადავუხადო საერთაშორიო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებს თანამშრომობისთვის", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარაში ნესტან კირთაძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსი, მეცნიერი, პროფესორი ნესტან კირთაძე, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე გამორჩეულ სახეს წარმოადგენს და რომელიც მნიშვნელოვანი ავტორიტეტით სარგებლობს როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, ლეიბორისტების ლიდერ შალვა ნათელაშვილს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო ემიჯნება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კირთაძესა და ნათელაშვილს შორის შეხვედრა შედგა, სადაც კირთაძემ პარტიის ლიდერს განუცხადა, რომ მისი პოზიცია ბიძინა ივანიშვლთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად მიუღებელი და პოლიტიკურად გაუმართლებელი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კირთაძემ განუცხადა, განცხადების ტონალობა, ფორმა, შინაარსი და საერთაშორისო აქცენტები არა მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული, არამედ ეს განცხადება ხალხისგან შეფასდა სააკაშვილისა და მისი რეჟიმისადმი ირიბ მხარდაჭერად.