~ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ხელისუფლებას "აბიჟნიკური" და ძველბიჭური მეთოდებით მოქმედების შეწყეტისკენ მოუწოდებს. ბაღათურიას განცხადებით, ბოლო დროს, ძველბიჭური მანერები შეიმჩნევა და ამის მაგალითია ბანკ "ქართუსთვის" წართმეული 3 მილიონი.
ბაღათურია ბანკი "ქართუს" საინკასაციო მანქანიდან წაღებულ 3 მილიონს "ნაყაჩაღარ ფულს" უწოდებს და აცხადებს, რომ ეს თანხა ივანიშვილს უკან უნდა დაუბრუნდეს.
"მაინტერესებს, რას ნიშნავს, როცა დღისით, მზისით ბანკის საინკასაციო მანქანას აკავებთ და იქიდან 3 მილიონს იღებთ? ან რას ნიშნავს, როდესაც საქართველოს მოქალაქეობას ართმევთ ადამიანს, რომელიც ქვეყნიდან დაახლოებით 10 წელია არ გასულა და რომელსაც საკუთარი ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია? არაეთიკურია თქვენი მხრიდან ასეთი აბიჟნიკური მანერით მოქმედება", - მიმართა უმრავლესობას ბაღათურიამ.
ბაღათურიას ამ განცახდებას უმრავლესობის წევრების რეპლიკა მოჰყვა. უმრავლესობის რამდენიმე წევრმა დეპუტატს ჰკითხა, "ხომ არ დაუკავშირდნენ მას ივანიშვილის ოფისიდან?".
უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ბალავაძემ კი განაცხადა, რომ ბაღათურიას გამოსვლა კასტინგს ჰგავდა, რომელიც უნდა ~გაატარონ~.