რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტა ალმა ანასტასესის შეფასებით, რუმინეთსა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის ნაყოფიერი ურთიერთობა არსებობს, ახლა, უკვე ღრმავდება ურთიერთობა საქართველოსა და რუმინეთის პარლამენტებს შორის. ეს განცხადება ანასტასესმა დღეს დავით ბაქრაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
რობერტა ალმა ანასტასესის განცხადებით, საქართველოსა და რუმინეთს მსგავსი პრიორიტეტები გააჩნია.
~ჩვენი პარლამენტების ერთ-ერთი ფუნქციაა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის განვითარება. ძალიან დიდი მნნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის მხარდაჭერას საერთაშორისო სტრუქტურებში~ - აღნიშნა რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ.
მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოლო მიღწევაა, ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის ჩარჩოებში რუმინეთისა და საქართველოს დელეგაციებს შორის მხარდაჭრისა და თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ~ასევე გვაქვს გეგმები, რომ სხვა სტრუქტურებშიც ხელი მოვაწეროთ სხვა ოქმებს. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ, მთლიანად შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის~, - განაცხადა რობერტა ალმა ანასტასესმა.