ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხს ეხმიანება და წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები საქართველოს დარწმუნებას ცდილობენ, რათა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება აღარ დაბლოკოს. Financial Times-ში გამოქ'ვვეყნებული სტატიის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
სტატიში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სავაჭრო საკითხთა კომისარმა კარელ დე გიუჰტმა განაცხადა, რომ ევროკავშრმა და რუსეთმა მოაგვარეს ავტომობილების ნაწილებთან დაკავშირებული დავა და მოსკოვის ვმო-ში გაწევრიანების გზაზე, რაიმე მნიშვნელოვანი დაბრკოლება აღარ არსებობს.
"თუმცა, საქართველო თავისი მტკიცე წინააღმდეგობით, უკანასკნელ რთულ დაბრკოლებად რჩება; ის მსო-ში გაწევრიანების წესებს ეყრდნობა, რომელთა თანახმად ორგანიზაციაში ახალი წევრის მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. საქართველოს წინააღმდეგობა 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ ამ ქვეყნისადმი თბილისის უწყვეტი მტრული დამოკიდებულებიდან მოდის", - ნათქვამია სტატიაში და აღნიშნული, რომ ყველა მხარეს იმედი აქვს, რომ დეკემბერში დაგეგმილ ვმო-ს მინისტერიალზე შეთანხმება შედგება, თუმცა აქვე სტატიის ავტორი წერს, რომ შვეიცარიის ძალისხმევამ, რომელიც ამ დავის დარეგულირებაში შუამავლის როლს თამაშობდა, ჯერ-ჯერობით არსებითი შედეგი ვერ გამოიღო. გასული კვირის არაოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ სამშაბათისთვის მხარეებს შორის შეხვედრა იგეგმება, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ევროპელი დიპლომატები შიშობენ, რომ შეთანხმების მიღწევისთვის პოლიტიკური იმპულსი შესაძლოა იმ ფაქტმა შეასუსტოს, რომ მომავალ წელს ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ პრეზიდენტად ბრუნდება. პუტინს დიდი ხანია, რაც ვმო-ს მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს, და მისი ინიციატივით ალტერნატიული რეგიონალური საბაჟო კავშირი შეიქმნა, რომელშიც რუსეთთან ერთად ბელორუსი და ყაზახეთი გაერთიანდნენ.
„ახლა ძალიან ცოტა დრო რჩება საქართველოს და რუსეთს შორის ორმხრივი შეთანხმების მიღწევისთვის. მე ორივე მხარეს მოვუწოდებ განაგძონ ძალისხმევა კომპრომისის ძიებაში", განაცხადა ვროკავშირის სავაჭრო საკითხთა კომისარმა კარელ დე გიუჰტმა, შესთავაზა რა მათ დახმარება ამ ჩიხური სიტუაიციის გადაწყვეტის საქმეში.
"თავის კომენტარებში, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, საქართველოსთვისაა განკუთვნილი, მსო-ს გენერალურმა დირექტორმა პასკალ ლამიმ პარასკევს განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის წევრებმა „არ უნდა შეინარჩუნონ ბლოკადა საკუთარი სიამოვნებისთვის" და რომ ისინი უთანხმოების გადალახვას კეთილსინდისიერად უნდა შეეცადონ", - ნათქვამია სტატიაში.
დიპლომატიურ წყაროებს მიაჩნიათ, რომ ამ წლის ბოლომდე რუსეთის მსო-ში მიღებისთვის აუცილებელია მოლაპარაკებები ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდეს.