აზერბაიჯანი ქვეყნის არსებობის ისტორიაში პირველად გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი გახდა. არამუდმივმოქმედი წევრის სტატუსი ქვეყანამ კენჭისყტის შედეგად მოიპოვა, რომელიც გენერალურ ასამბლეაში ჩატარდა. აზერბაიჯანის სასარგებლოდ ხმა 155 ქვეყანამ მისცა. ძირითადი კონკურენტი სლოვენია იყო, თუმცა პირველი ტურის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპულმა სახელმწიფომ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
უშიშროების საბჭოს 15 წევრი ჰყავს, მათგან 5 მუდმივი წევრია (აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი), დანარჩენი 10 კი ყოველ მეორე წელს აირჩევა გენერალური ასამბლეის მიერ. პროცედურულ საკითხებზე საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მუდმივ წევრთა ერთსულოვანი თანხმობით (გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ მას მხარს არ უჭერს რომელიმე წევრი) და იგი სავალდებულოა გაეროს ყველა წევრისათვის.
უშიშროების საბჭო - გაეროს მუდმივმოქმედი ორგანო. გაეროს წესდების შესაბამისად უშიშროების საბჭოს აქვს დაკისრებული მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. იგი უფლებამოსილია იმოქმედოს გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით, რომლებიც ვალდებულნი არიან დაემორჩილონ მის გადაწყვეტილებებს და შეასრულონ ისინი. უშიშროების საბჭო განსაზღვრავს მშვიდობისათვის საფრთხის არსებობას, მშვიდობის დარღვევას, აგრესიის აქტს, იღებს რეკომენდაციებს და წყვეტს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ან მისი აღდგენისათვის. უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს საერთაშორისო კანონის ძალა აქვს და საჭიროების შემთხვევაში, მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისა და სახიფათო სახელმწიფოების დამორჩილებისათვის ძალადობის გამოყენების უფლებასაც იძლევა.