დღეს, 25 ოქტომბერს, გრიბოედოვის თეატრში კომპოზიტორ მიხეილ ტარივერდიევისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპოზიტორმა თემურ მაისაშვილმა განუცხადა, საღამოზე ფილმ "ბედის ირონიიდან" სიმღერებს ქართველი მომღერლები შეასრულებენ.
"მიხეილ ტარივერდიევისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველად 4 წლის წინ მოეწყო და წელს გრიბოედოვის თეატრში აღვადგენთ. ძალიან საინტერესო საღამო უნდა გამოვიდეს, რომელშიც ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას", - აღნიშნა მაისაშვილმა.
ცნობისთვის, კომპოზიტორ მიხეილ ტარივერდიევისადმი მიძღვნილ საღამოზე ქართველი მომღერლები მერაბ სეფაშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი, ირმა სოხაძე და ვერიკო ტურაშვილი გამოვლენ.