შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელ ვალერი ლევინის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ჯი-ეიჩ-ენი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"24 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 22 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვალერი ლევინს, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, აღმოაჩნდა უჩვეულო მინერალები და ბეჭდური მასალა. ლევინის განცხადებით, მოცემული მინერალები და ლიტერატურა ოკულტური დანიშნულების იყო და მომავლის განჭვრეტისათვის გამოიყენებოდა. აღნიშნული მინერალები გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ჩატარებულმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ მოცემული მინერალები ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ოკულტური მინერალები და ლიტერატურა ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ 22 ოქტომბერს თბილისი საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვის ოფისის წარმომადგენლის ვალერი ლევინის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა,
"ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22 ოქტომბერს დააკავეს და რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს. ლევინს საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს. ცნობა საგადასახადო და საცხოვრებელი ადგილიდან ივანიშვილის წარმომადგენლებს ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურისთვის სჭირდებოდათ. აღნიშნული პროცედურა უკვე ორ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს და მთელ რიგ დოკუმენტების წარდგენას მოითხოვს, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა სულ რაღაც ერთ საათში შეუწყვიტა. ვალერი ლევინი საქართველოში სწორედ აღნიშნული დოკუმენტაციის საქართველოში დროულად ჩამოტანის მიზნით მოემგზავრებოდა. ამ დოკუმენტაციასთან ერთად ლევინს საქართველოში ჟურნალი "ქვების ენერგია" მოჰქონდა. ჟურნალის რეალიზება რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ხორციელდება და მისი საბაზრო ფასი ქართულ ვალუტაში დაახლოებით 10 ლარს შეადგენს. ყოველკვირეულ ჟურნალს თან მინერალური ქვები მოჰყვება. ამ ქვებს ბიძინა ივანიშვილის 14 წლის ქალიშვილი გვანცა უკვე რამდენიმე წელია, აგროვებს და მის პირად კოლექციაში ათეულობით მსგავსი ქვა არის. როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვალერი ლევინის ადვოკატ შალვა თადუმაძეს განუცხადეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების მიზეზი სწორედ ის ქვები გახდა, რომელიც ყოველკვირეულ ჟურნალ "ქვების ენერგიას" მოჰყვება, რადგან არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლევინს საქართველოში რადიოაქტიული ნივთიერებები შემოჰქონდა", - აღნიშნულია განცხადებაში.