ალჟირის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი მუამარ კადაფის ოჯახის წევრების ლიბიისათვის გადაცემაზე უარს ამბობს. მთავრობაში აღნიშნავენ, რომ მათი ბედი მხოლოდ საერთაშორისო დონეზე - გაეროში გადაწყდება. მანამდე კი მუამარ კადაფის ქვრივი საფია ფარკაში, მისი ქალიშვილი და ორი ვაჟი გაძლიერებული დაცვის ქვეშ საიდუმლო თავშესაფარში იმყოფებიან. ინფორმაცია ამის შესახებ ალჟირულმა გაზეთმა "Le soir d`Algerie"-მ გამოაქვეყნა. მათივე ინფორმაციით, ალჟირის ხელისუფლება კადაფის ნათესავების ბედის გარკვევას გაეროს გარდა არც ერთ სხვა მხარესთან არ აპირებს.
"ალჟირი არ გადასცემს კადაფის ნათესავებს არც ლიბიას და არც სხვა ქვეყანას. ისინი ჰუმანიტარული მოსაზრებებით მივიღეთ და ამ მიმართებაში მათ ირგვლივ სიტუაცია არ შეიცვლება", _ აცხადებს ალჟირის ხელისუფლების მაღალჩინოსანი გაზეთთან საუბარში.
ეს განცხადება ლიბიის ახალი ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გაკეთდა. "მთელმა ქვეყანამ ნახა, თუ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ თავად მუამარ კადაფის. ალჟირი კი ის ქვეყანაა სადაც ტრადიციებსა და ადამიანის სიცოცხლეს პატივს სცემენ და კადაფის ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის ღირსების საკითხია", _ განაცხადა წყარომ და აღნიშნა, რომ კადაფის ქვრივი, ქალიშვილი აიშა და ვაჟები ჰანიბალი და მუჰამედი გაძლიერებული დაცვის ქვეშ საუდუმლო თავშესაფარში იმყოფებიან.