კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ დროა სირიაზე ვიფიქროთ. აცხადებს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი და აღნიშნავს, რომ ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ საჭიროა ყურადღების ფოკუსირება იმის განხილვაზე, თუ რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
მაკკეინი იმასაც აღნიშნავს, რომ სირიის ოპოზიციის მხრიდან, ბოლო დროს სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ თხოვნები გახშირდა.
ამერიკელი სენატორი ასევე აცხადებს, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლებამ არ უნდა იფიქროს, რომ მას მასობრივი მკვლელობები შერჩება.
ამასთან ერთად, მაკკეინის განცხადების პარალელურად ვრცელდება ევროკავშირის ლიდერების პოზიცია სირიის საკითხთან მიმართებაში. სამიტზე მიღებული ახალი განცხადების მიხედვით პრეზიდენტ ასადს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ხელისუფლების გადადგომის მითხოვნით აქციები მიმდინარე წლის მარტიდან იმართება. გაეროს მონაცემებით, იქ უკვე გარდაცვლილია 3 ათასი ადამიანი.