ლიბიის ახალმა ხელისუფლებამ მუამარ კადაფის 42 წლიანი ერთპიროვნულ მმართველობის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ბენღაზში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე გამოაცხადეს, რომ "დროთა ფარაონი" ისტორიის სანაგვე ყუთშია გადაგდებული და ქვეყანა შერიგებასა და დემოკრატიას უბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
თუმცა ლიბიის ახალ ხელისუფლებას ჯერ კიდევ გამოუძიებელი მუამარ კადაფის გარდაცვალების გარემოებები ჩრდილავს, რომელიც 20 ოქტომბერს გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს და ყველა მუსულმანური ტრადიციის დარღვევით დაკრძალული ჯერაც არ არის.
ექსპერტების განცხადებით, თავად კადაფის გარდაცვალების ფაქტმა, ანუ მისმა წამებამ სიკვდილის წინ შესაძლოა პოლკოვნიკი დიქტატორიდან წამებულად აქციოს. ახალი ხელისუფლების სასარგებლოდ არც ის ფაქტი მეტყველებს, როდესაც მუამარ კადაფის ნაწამები სხეული სუპერმარკეტის მაცივარში გამოფინეს - როგორც ყველაზე თვალსაჩინო ხორცის ნაჭერი.
ამასთან ერთად "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ვრცელდება ინფორმაცია მუამარ კადაფის ანდერძის შესახებაც. ანდერძი გარდაცვლილი ლიდერის ინტერნეტ-გვერდზე "Seven Days News"-ზეა გამოქვეყნებული. ამასთან ერთად, ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ დოკუმენტის სამი ასლი კადაფმა თავის სამ ნათესავს გადასცა. ორი მათგანი მოკლეს, ერთმა კი ანდერძით ქვეყნის დატოვება მოახერხა.
ანდერძში კადაფი ყველას მოუწოდებს იგი მუსულმანური ტრადიციის მიხედვით დაკრძალონ ქალაქ სირტში მისი ოჯახისა და ნათესავების გვერდით. ამასთან ერთად, კადაფი ანდერძში ასევე მოუწოდებს ლიბიელ ხალხს მისი გარდაცვალების შემდეგ დაიცვან მისი ოჯახი, განსაკუთრებით კი ქალები და ბავშვები. იგი ასევე მოუწოდებს თავის მომხრეებს "გააგრძელონ წინააღმდეგობის გაწევა და ბრძოლა ნებისმიერი აგრესორების წინააღმდედ დღეს, ხვალ და ყოველთვის".
"რომც ვერ გავიმარჯვოთ, ჩვენი ბრძოლა იქნება მაგალითი მომავალი თაობებისათვის, რომ სამშობლოს დაცვა არის ღირსება, ხოლო მისი გაყიდვა კი ღალატი, რომელსაც ისტორია შემოინახავს".