სანამ არ იქნება მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის სადავო საკითხები მოგვარებული, იქამდე კრების მოწვევა არ შეიძლება. ამის შესახებ დღეს საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში მის კონსტანტინოპოლში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
პატრიარქის კონსტანტინოპოლში მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოს I-ის აღსაყდრების 20 წლის იუბილეზე იმყოფებოდა.
"ჩვენ გვქონდა საუბარი მომავალი მართლმადიდებლური კრების შესახებ. ბართლომეოს I-ს ძალიან უნდა, რომ შედგეს კრება მართლმადიდებლური ეკლესიებისა. ჩვენ ვუპასუხეთ მას, რომ არ შეიძლება ამ კრების მოწვევა, სანამ არ იქნება მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის სადავო საკითხები მოგვარებული", - ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორის განცხადებით, "მსოფლიო პატრიარქის წინადადებაა, რომ ყველა ტაძარი, რომელიც ამა თუ იმ ეკლესიის გარეშეა, უნდა ეკუთვნოდეს მსოფლიო პატრიარქს.
"ჩვენ ვუთხარით, რომ ტაძარი უნდა ეკუთვნოდეს კონკრეტული ქვეყნის დედა ეკლესიას, თუ ამის სურვილი აქვს ტაძრის მრევლს, ხოლო თუ მრევლს აქვს სურვილი, რომ ეს კონკრეტული ტაძარი ეკუთვნოდეს მსოფლიო პატრიარქს, მაშინ დედა ეკლესია ამის წინააღმდეგ არ წავა. ეს ოქროს შუალედია. ეკლესიებს შორის ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი და ვფიქრობ, მართლმადიდებლური კრების მოწვევა ძალიან საშიშია. შეიძლება წარმოიქმნას ეკლესიებს შორის ახალი განხეთქილება. იმედი მაქვს, ყველა საკითხი, რომელიც დგას ეკლესიებს შორის, მოწესრიგდება, მაგრამ ამას სჭირდება დრო" - განაცხადა ილია II-მ.