რუსთაველის თეატრში მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის გამოსამშვიდობებლად სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ოჯახის ახლობელმა მაკა საჯაიამ განუცხადა პანაშვიდზე მსახიობის უცხოელ კოლეგებსაც ელოდებიან.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ რამაზის კოლეგები ჩამოვლენ და მის ხსოვნას მიაგებენ პატივს. სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და მოსკოვიდან ველოდებით. გუშინ, ახლობლებმა და მეგობრებმა გადმოვასვენეთ თეატრში, სადაც მისი ქართველი კოლეგები დახვდნენ. ძალიან ძნელია ამხელა ადამიანი, რომ დააკლდება თეატრს და მის სამშობლოს", - აღნიშნა საჯაიამ.
მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. დღეს, 22 ოქტომბერს, 14:00 საათზე, მსახიობს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის გვერდით დაკრძალავენ.