22 ოქტომბერს ევროპის სახლში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის - "ხიდი პოლონეთთან" - პრეზენტაცია გაიმართება. "ხიდი პოლონეთთან" პოლონური არსამთავრობო ორგანიზაციის "ხიდი საქართველოსთან" პარტნიორია.
"ხიდი საქართველოსთან" პოლონეთში უკვე სამი წელია საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა, დღეიდან კი ყველა პროექტი, ქართულ მხარესთან ერთად, ერთობლივად განხორციელდება.
სპეციალურად ორგანიზაციის პრეზენტაციისთვის საქართველოში პარტნიორი პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის "ხიდი საქართველოსთან" თავმჯდომარე ფშემისლავ ნოცუნი და პოლონური დელეგაცია იმყოფება.
იგეგმება სასწავლო-სამეცნიერო, სპორტული და ახალგაზრდული გაცვლითი პროექტების განხორციელება. ყოველწლიურად ჩატარდება თეატრალური ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც პოლონელი რეჟისორები სპექტაკლებს საქართველოში დადგამენ. გაიმართება "პოლონური კულტურის დღეები" საქართველოში (თბილისი) და "ქართული კულტურის დღეები" პოლონეთში (კრაკოვი).
კონფლიქტისპირა რეგიონებში იგეგმება პოლონელი მუსიკოსების კონცერტები. ზუგდიდი კი, გაზაფხულზე პოლონური კინოს ფესტივალს უმასპინძლებს.
ასევე გაზაფზულზე, საქართველოში ჩამოვლენ ცნობილი პოლონელი არქიტექტორები, რომლებიც წაიკითხავენ ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტებში. ჩატარდება კონკურსი ახალგაზრდა ნიჭიერი არქიტექტორების გამოსავლენად, გამარჯვებულები პოლონურ კოპმანიებში სტაჟირებას გაივლიან.
ორგანიზაცია ქართველ ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს, განთლება პოლონეთის უნივერსიტეტებში მიიღონ. რეგიონებში მომუშავე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კი შეძლებენ სტაჟირება პოლონეთის ცნობილ კლინიკებში გაიარონ.
მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა პოლონურ მედია საშუალებებთან. უახლოეს მომავალში პოლონეთისთვის მომზადდება რადიოგადაცემათა ციკლი კავკასიის რეგიონზე და ადამიანის უფლებათა თემაზე. საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ევროპა უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს.
ორგანიზაციის ქართული წარმომადგენლობის დამფუძნებლები არიან ჟურნალისტი გურამ როგავა, ექიმი გოჩა ლაგვილავა და კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ბექა ჯუმუტია.