ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური ტერორი.
დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას და ტერორს აგრძელებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა.
ცაგარეიშვილის თქმით, ხელისუფლება მზაკვრული და ლაჩრული მეთოდებით ბრძოლას აგრძელებს, დევნის ივანიშვილის ოჯახს, აკავებს ბიძინა ივანიშვილის შვილის ახლობელს, იტაცებს ბანკი "ქართუ" საინკასაციო მანქანას.
ცაგარეიშვილის შეფასებით, ხელისუფლება აპირებს ისევ ის მეთოდები გაიხსენოს, რასაც იყენებდა 2007 წლის მოვლენებისა და 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს.
გიორგი ცაგარეიშვილმა "ახალი მემარჯვენეებისა" და ქრისტიან-დემოკრატების მიმართაც გააკეთა განცხადება, რომელთაც "ის უფრო აღელვებთ, რომ ხალხმა ქუჩაში მიტინგები არ გაიმართოს, ვიდრე ის, რომ ივანიშვილის ოჯახის მიმართ ტერორი ხორციელდება".
"ქართული, ჭეშმარიტი ოპოზიცია არ შეუშინდება ტერორს, რომელიც 7 წლის მანძილზე გაჩაღებულია ამ ქვეყანაში" - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
"მოვუწოდებ ზოგიერთს, არ გახდეთ ერთი მუჭა დამნაშავეების მსახურად, რომელთა დღეები თუ თვეები დათვლილია" - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.