"ფოთში, დევნილების 32-კორპუსიან დასახლებაში, სამშენებლო სამუშაო ევროტანდარტებით შესრულდა", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი ფოთში დევნილების დასახლების გახსნის კომენტირებისას.
მისი თქმით, დასახლების სამშენებლო სამუშაოს მონიტორინგს ევროკავშირის წარმომადგენლები უწევდნენ, ხოლო მიღება-ჩაბარებაში თავად დევნილები მონაწილეობდნენ.
"პატარ-პატარა ხარვეზები შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ მშენებელი თავის ხარჯებით თავად შეასწორებს მას. ასე რომ, ეს პრობლემა არ წარმოადგენს", _ აცხადებს მინისტრი და აღნიშნავს, რომ მალთაყვის ახალ რაიონში 1168-ბინიანი 32 საცხოვრებელი კორპუსი აშენდა. ტერიტორია კეთილმოწყობილია, დაიგო ასფალტი, გაკეთდა გარეგანათება, თანამედროვე სტადიონი და დასასვენებელი ბაღი. საცხოვრებელი ბინები დევნილების საკუთრება იქნება.
"ეს ადამიანები წყალტუბოში, ქუთაისში, ხობში, სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. რაც დასაკანონებელი იყო, დავუკანონეთ, რაც ვერ დავაკანონეთ და საკუთრებაში ვერ გადავეცით შენობის ავარიულობის თუ კერძო საკუთრების გამო, იმ შენობებიდან დევნილები ამ ახალ რაიონში გადმოვიყვანეთ. პირობები კარგია, საკუთარი ჭერი აქვთ და მსგავსი საცხოვრებელი უბნები მალე ბათუმსა და წყალტუბოშიც გაიხსნება", _ აცხადებს სუბელიანი და აღნიშნავს, რომ "საცხოვრებელი უბანი დევნილებისთვის 76,000 კვადრატულ მეტრზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აშენდა. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ღირებულება 28.6 მილიონ ლარს შეადგენს.
მინისტრი ღნიშნავს, იმასაც, რომ ფოთში ამ ადამიანების დასაქმების პრობლემა უფრო პერსპექტიულია, ვიდრე წყალტუბოში. "ფოთს ბევრად უფრო დიდი პერსპექტივა აქვს. ფოთი საპორტო ქალაქია და მათი დასაქმება აქ გაცილებით უფრო სწრაფად მოხდება", _ აცხადებს სუბელიანი.