საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტში შეხვედრები გამართა. დავით ბაქრაძე შეხვდა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს ლაცო ტოკეს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეს ფიორელო პროვერას, ევროპარლამენტის მწვანეთა პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელს რებეკა ჰარმს, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელს ჟოზეფ დოლს და ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს ჰანეს სვობოდას.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობათა ძირითად მიმართულებებს, კერძოდ, სავიზო რეჟიმის გამარტივებას, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ ღმა და ყოვლისმომცველ მოლაპარაკებათა საკითხებს და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის თემას.
ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან კშიშტოფ ლიზეკისტან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ვრცლად ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. თავის გამოსვლაში დავით ბაქრაძე შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, ისაუბრა საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროპულ მხარეს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
ევროპარლამენტში კშიშტოფ ლიზეკის ინიციატივით გაიმართა ფილმის "აგვისტოს 5 დღე" ჩვენება.