ნესტან კირთაძემ "ლეიბორისტული პარტია" დატოვა. როგორც კირთაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ყოფილ თანაპარტიელებს უკვე დაემშვიდობა.
"მე არ ვარ "ლეიბორისტული პარტიის" აქტივისტი. მე ვარ მეცნიერი, პროფესორი და ვალდებულებებითა და პრინციპებით სავსე ადამიანი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლით მთლიანად შეიცვალა და გაჩნდა შესაძლებელობა ქვეყანაში რეალური ცვლილებების. რასაც ელოდება 2 მილიონზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა დარჩენილი მშიერი ადამიანი. ელოდება უცხოეთში ლუკმა პურის საშოვნელად გადახვეწილი მილიონნახევარზე მეტი ჩვენი თანამემამულე და მათი აქ დარჩენილი აცრემლებული შვილები და მშობლები. ელოდება სატუსაღოებში გამოკეტილი პოლტიკური და უკანონო პატიმრები და მათი მძევლად აყვანილი ოჯახის წევრები. პასუხისმგებლობითა და ღირსებით სავსე ყველა პოლტიიკურმა ძალამ და პოლიტიკოსმა უნდა დათმოს მისი ვიწრო პარტიული ინტერესები და დაიწყოს ზრუნვა ერთიანი დემოკრატიული ფრონტის შესაქმნელად. რომელიც ხალხთან ერთად დაუპირისპირდება ღია ტერორს, ძალადობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და ამ რეჟიმისგან უფსკრულისთვის განწირულ ქვეყანას", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კირთაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როდესაც რეალურად უნდა შეფასდეს ვითარება.
"პირდაპირ გეტყვით, ეს ახალი რეალობა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. რომელმაც მთლიანად შეცვალა ხელისუფლებისგან კარგად დალაგებული და დავარცხნილი პოლიტიკური ვითარება. ამას სჭირდება ყველა ჩვენგანის მახვილი ყური, გულის ყური, პასუხისმგებლობა და ვალდებულება იაროს ერთიანი დემოკრატიული ფრონტის შესაქმნელად და შეცვალოს ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც დღეს ქვეყანა და ხალხი იმყოფება", - განაცხადა კირეთაძემ.