იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს. ლაშა მაქაცარია პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში წარადგინა. ლაშა მაქაცარია მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
იმერეთში საკადრო ცვლილებების გატარების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, დიდების მემორიალის დემონტაჟის დროს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიიღო.
რაც შეეხება პროექტებს, რომლის განხორციელებაც რეგიონში იგეგმება, პრეზიდენტის თქმით, მათგან ყველა ბოლომდე დასრულდება.
"მივიღე გადაწყვეტილება საკადრო ცვლილების, იმიტომ, რომ რამდენიმე ბოლო ჩასვლამ ქუთაისში და იმ უდისციპლინობამ, რომელიც დავინახე ადგილზე და განსაკუთრებით ამ ბოლო ტრაგედიამ, როდესაც მთელი რიგი ადამიანების, მათ შორის თანამდებობის პირების დაუდევრობას, უნიათობას და არაკომპეტენტურობას ემსხვერპლა სრულიად უდანაშაულო ადამიანები, მივიღე გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებების განხორციელების. ასევე იმედი მაქვს, რომ პროკურატურა კონკრეტული დამნაშავეების საქმეს მიიყვანს სასამართლომდე და ისინი სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს კანონის წინაშე, იმისათვის, რომ შეიწირეს ადამიანები. ჩვენ ახლა გვჭირდება ახალი სისხლი, ახალი კადრი, ახალი გუბერნატორი და ბევრად უფრო დახვეწილი პოლიტიკა. მინდა იცოდეს იმერეთის ყველა მკვიდრმა, მათ შორის ყველა ქუთაისელმა, რომ ყველა ჩვენი დაპირება ყველა ჩვენი პროექტი ძალაშია და ყველაფერი ზედმიწევნით განხორციელდება ბოლომდე. ჩვენ გვაქვს პროექტი ქუთაისის მეორე დედაქალაქად ქცევის. ის სიტუაცია, რომელიც მე ვნახე ქუთაისში ჩასვლის დროს, ეს სიტუაცია აღარასდროს აღარ უნდა განმეორდეს არც იმერეთში. ის სიტუაცია, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანის ბედი ადგილობრივ ხელისუფლებას არ აღელვებს, როგორც ეს ჩემი თვალით ვნახე ქუთაისში ჩემი ჩასვლის დროს, ეს სიტუაცია არასოდეს არ უნდა განმეორდეს არც იმერეთში, და არც არსად საქართევლოში. ამაზე მკაცრად მოვთხოვ ყველას პასუხს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
იმერეთის ახალმა გუბერნატორმა პრეზიდენტრს მისცა პირობა, რომ თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას და პრეზიდენტის ყველა დავალებას შეასრულებს.