სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა თანამდებობა დატოვა. საკადრო ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გიგი წერეთელმა განუცხადა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება.
ბაკურ კვეზერელი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად 2008 წლის 29 აპრილს დაინიშნა.
ბიოგრაფია
ბაკურ გიორგის ძე კვეზერელი დაიბადა 1981 წლის 5 იანვარს თბილისში.
2002 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის სისტემების ფაკულტეტი ეკონომიკური-ინფორმატიკის სპეციალობით.
2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა საბანკო საქმის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
2005 წელს ქ. ტოკიოს ტოკასიუკუს უნივერსიტეტში გაიარა მოკლე კურსი თემაზე: "საერთაშორისო დახმარების ეფექტური გამოყენება".
2002-2003 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში მინისტრის თანაშემწედ.
2003-2004 წლებში - ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის აპარატში სპეციალისტად.
2004-2005 წლებში მუშაობდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
2005-2006 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონული ეკონომიკის განყოფილებაში.
2006 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ.
2007 წლის 3 მარტიდან დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ.
2008 წლის 29 აპრილიდან დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად.