საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა რომელზეც 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილება 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო. კომიტეტის სხდომას ფინანსთა მინისტრი, ასევე ეროვნული ბანკისა და კონტროლის პალატის წარმომადგენლები ესწრებიან.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის განმარტებით, 2012 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 3 მილიარდი ლარით გაიზრდება, რაც ქვეყანაში დამატებით ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.
"ჩვენ ვმუშაობთ, რომ საქართველო გახდეს უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა. ბიუჯეტის პროექტი ორიენტირებულია პენსიების ზრდაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, ჯანდაცვის ობიექტების დასრულებაზე, სოფლის დახმარების პროექტების ზრდაზე", - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა მთავრობას გადაეგზავნება. კომიტეტის დღევანდელ სხდომას ჯანდაცვის კომიტეტის და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეებიც ესწრებიან.