თუშეთში გუშინ საღამოდან თოვს. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, სოფელ ომალოში თოვლი უკვე 20 სანტიმეტრზე დევს, თორღვას აბანოს უღელტეხილზე კი თოვლის სიმაღლე ნახევარ მეტრს აღემატება. თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ჩაიკეტა.
„უღელტეხილზე იმხელა თოვლი მოვიდა გადასვლის შანსი აღარ არის. ხევებში ერთ მეტრზეც იქნება მოსული, ომალოში 20 სანტიმეტრზეა. მოსავლის აღება და ბარში ჩამოტანა მოვასწარით. ცხვარიც, დიდი ნაწილი ჩამოსულია. მხოლოდ რამდენიმე მანქანა ჩარჩა იქ", - აღნიშნა თუშეთის მკვიდრმა ვაჟა შაბალაიძემ.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ კახა მამულაშვილმა განუცხადა, საგზაო სამსახური გზის გახსნას შეეცდება, რომ თუშეთში დარჩენილი მანქანები ბარში ჩამოიტანონ.
გამგებლის მოადგილის თქმით, ტურისტებმა თუშეთი უკვე დატოვეს. „უცხოელების ერთი ჯგუფი იყო, ამინდი რომ გაუარესდა, ისინიც წამოვიდნენ. ტურისტული სეზონი უკვე დამთავრდა", - განაცხადა კახა მამულაშვილმა.
თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მაისის ბოლოს იხსნება.